ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი „ტვ.პირველთან“ აცხადებს, რომ უკრაინის გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის ნათესავებისა და გარემოცვის წევრების სანქცირების შესახებ, შვეიცარულ ბანკთან დავის საკითხზე გავლენას ვერ მოახდენს.
„საერთოდ ეგ საკითხი არანაირ კავშირში არაა იმ დავებთან, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება ჩემგან რთული იქნება. პრობლემები არათუ შეექმნება, არამედ გარკვეული პროგრესი შეინიშნება რიგ საკითხებში, რის შესახებაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში ვაცნობებთ“, - აღნიშნა ყიფიანმა.
ამასთან, ყიფიანმა განაცახდა, რომ ის უკრაინის მიერ, ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. „ვერც უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მითუმეტეს იმ ჯაჭვურ რეაქციაზე. თავიდათავი ჩემი პასუხი ისაა, რომ ის მანდატი, რომელიც ჩემს ფირმას ხელში უჭირავს, ესაა დავების წარმოება და ამ ჰიპოტეტურ საკითხს კავშირი არ აქვს“, - აღნიშნა ყიფიანმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება, შეყვანილია ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი.