ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა პარლამენტს განუცხადა, რომ რუსულმა სუ-27 გამანადგურებელმა ბრიტანულ Boeing RC-135-ის სადაზვერვო თვითმფრინავთან ახლოს რაკეტა გაისროლა, რომელიც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, შავი ზღვის რეგიონში დაფრინავდა.
უოლესის თქმით, ინციდენტი 29 სექტემბერს მოხდა. ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა პარლამენტარებს განუცხადა, რომ მომხდარი არ განიხილება, როგორც მიზანმიმართული ესკალაცია.
„ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ესაა რუსეთის მხრიდან მიზანმიმართულ ესკალაცია. ჩვენმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ეს იყო ტექნიკური მარცხი", - თქვა უოლესმა.
ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა დროებით შეაჩერა თვითმფრინავების ფრენები რეგიონში და შეშფოთება გამოუცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის პირადად სერგეი შოიგუს.
უოლესის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპასუხა, რომ რაკეტა ტექნიკური გაუმართაობის შედეგად ისროლეს.
„რუსეთის თავდაცვის მინისტრის პასუხში, რომელიც 10 ოქტომბერს მიიღეს, ნათქვამია, რომ მათ ჩაატარეს გამოძიება ინციდენტის გარემოებების შესახებ და განაცხადეს, რომ იყო სუ-27 გამანადგურებლის ტექნიკური გაუმართაობა. მათ ასევე აღიარეს, რომ ინციდენტი მოხდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში“, - განაცხადა უოლესმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით განცხადებები არ გაუკეთებია.