უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი არ მონაწილეობდა ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში. ამის შესახებ ზელენსკიმ კანადურ ტელეარხ CTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ნამდვილად არ გაგვიცია ასეთი ბრძანება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფეთქებას ტერაქტი უწოდა და თქვა, რომ მისი შემკვეთები და აღმსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთში კონფლიქტია სამხედროებსა და სპეცსამსახურებს შორის და აფეთქება შესაძლოა, მათ შორის წინააღმდეგობის შედეგი იყოს.
8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.