უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს.
მისი თქმით, კაშხლის აფეთქება ხერსონის და 80-ზე მეტი დასახლების სწრაფ დატბორვას გამოიწვევს. ზელენსკიმ ამ საკითხზე ევროპული საბჭოსადმი ონლაინ მიმართვის ისაუბრა.
„რუსეთი შეგნებულად აყალიბებს საფუძველს უკრაინის სამხრეთში მასშტაბური კატასტროფისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი.
ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული ობიექტი. მისი კაშხალი შეიცავს დაახლოებით 18 000 000 კუბურ მეტრ წყალს. თუ რუსი ტერორისტები ააფეთქებენ ამ კაშხალს, 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი აღმოჩნდება წყალდიდობის ზონაში. ასობით ათასი ადამიანი შეიძლება, დაზარალდეს.
ზოგადად, ამ რუსული ტერაქტის დამღუპველი ეკოლოგიური, ჰუმანიტარული და ტექნოგენური შედეგები შეიძლება, შეფასდეს, როგორც ისტორიული კატასტროფა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს უკვე ყველაფერი აქვს მომზადებული ამ ტერაქტის განსახორციელებლად.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მიერ, 20 ოქტომბერს გავრცელებული აგარიშის მიხედვით, რუსეთის ძალები სავარაუდოდ, ხერსონის დათმობას და დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან სამხედროების გაყვანას გეგმავენ, რისთვისაც ამზადებენ შესაბამის საინფორმაციო ველს, ამ ყველაფრის გასამართლებლად. ISW-ის ვარაუდით, რუსეთმა შესაძლოა, ხერსონიდან უკან დახევის გადასაფარად, ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმა მოაწყოს.