უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააფრთხილოს რუსეთი, რომ ჰესზე [კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურზე] შესაძლო ტერორისტული თავდასხმა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას გაუტოლდება. ზელენსკიმ უკრაინის უცხოელ პარტნიორებს პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
„ყველა ჩვენგანმა - ევროპელებმა, მსოფლიო ლიდერებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ტერორისტულ სახელმწიფოს უნდა გავაგებინოთ, რომ ჰესებზე ასეთი ტერორისტული თავდასხმა ზუსტად იგივეს ნიშნავს, რაც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება. შედეგები რუსეთისთვის უნდა იყოს შესაბამისი.
მსოფლიომ წინასწარ უნდა მოახდინოს რეაგირება. უსაფრთხოების საფრთხეებზე პრევენციული რეაგირების პრინციპი, საბოლოოდ, საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად უნდა იქცეს.
მისივე თქმით, ჩრდილოეთ ყირიმის არხი უბრალოდ გაქრება ჰესის კაშხლის განადგურების შემთხვევაში.
ზელენსკიმ ამ საკითხზე ევროპული საბჭოსადმი ონლაინ მიმართვის ისაუბრა.
ამავე მიმართვისას, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს.
მისივე თქმით, კაშხლის აფეთქება ხერსონის და 80-ზე მეტი დასახლების სწრაფ დატბორვას გამოიწვევს.
„რუსეთი შეგნებულად ქმნის საფუძველს უკრაინის სამხრეთში მასშტაბური კატასტროფისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.