საფრანგეთი, ესპანეთი და პორტუგალია ხმელთაშუა ზღვაში „მწვანე მილსადენის“ შექმნაზე შეთანხმდნენ, რომლითაც შესაძლებელი იქნება ბუნებრივი აირის, სამომავლოდ კი წყალბადის ამოტუმბვა.
ამის შესახებ ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ისაუბრეს. ერთობლივ განცხადებაში მითითებულია, რომ პროექტი, სახელწოდებით BarMar, საუკეთესო გზაა იბერიის ნახევარკუნძულისა და ცენტრალური ევროპის დასაკავშირებლად.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის თქმით, იდეა არის იბერიის ნახევარკუნძულის დანარჩენ ევროპასთან დაკავშირება (ხმელთაშუა ზღვის ქვეშ), მილსადენი ზედაპირზე მარსელში უნდა გამოვიდეს. მისი გამოყენება შეიძლება დროებით ბუნებრივი აირის, შემდეგ კი წყალბადის ამოსატუმბად.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პროექტი შესაძლოა, ასევე მოიცავდეს ელექტროგადამცემი ქსელისთვის დამატებითი ინტერკონექტორების შექმნას.
შეთანხმება ასევე მოიცავს პორტუგალიასა და ესპანეთს შორის გაზის დამაკავშირებელი ხაზების დასრულებას.