რუსეთის ჯარების ბელორუსში გადაყვანა, სავარაუდოდ, საჩვენებელია და მიზნად ისახავს უკრაინის დარწმუნებას, რომ თავისი ძალების ნაწილი ჩრდილოეთ საზღვარზე გადაიყვანოს. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, Twitter-ზე ინფორმაციას, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2022 წლის 14 ოქტომბერს ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გამოაცხადა, რომ 70 000 ბელორუსი სამხედრო და 15 000-მდე რუსი ჩაერთვება ახალ რუსულ-ბელორუსულ საჯარისო ფორმირებაში. 2022 წლის 15 ოქტომბერს ბელორუსის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც თითქოს, ბელორუსში, რუსული ჯარების ჩასვლის პროცესი ჩანს. თუმცა, დღემდე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციამ მართლაც განათავსა დამატებითი ჯარების მნიშვნელოვანი რაოდენობა ბელორუსიაში“, - აცხადებენ სამინისტროში.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ბელორუსში, ბრძოლისუნარიანი ფორმირებები შექმნას, რადგან მისი ჯარები კონცენტრირებულია უკრაინაში, ხოლო ბელორუსის სამხედროები, სავარაუდოდ, „რთული ოპერაციებისთვის, მინიმალურ შესაძლებლობებს ინარჩუნებენ".
მანამდე ბრიტანეთის დაზვერვამ განაცხადა, რომ გენერლების შეცვლა, რუსეთის არმიას საბრძოლო მოქმედებების გაუმჯობესებაში ვერ დაეხმარება.