ჯადოქართა ჩოგანი

ბასილაშვილის საქმეზე ვწერ.

საქმეზე, რომლის მსგავსიც ათასობით განიხილება ნორმალურ ქვეყნებში.

მსგავსი საქმეები ყოველთვის იწვევს მითქმა-მოთქმას, განსაკუთრებით, თუ ცნობილ ადამიანებს ეხება.

მაგრამ ეს საქმეები ყოველთვის რჩება ხოლმე საზოგადოებრივი და მედიის განხილვის დონეზე და არასდროს გადადის პოლიტიკურ ჭრილში.

ეს ნორმალურ ქვეყნებში.

ახლა ვნახოთ, რა ხდება საქართველოში.

Facebook-ის მუდმივად პოლარიზებულმა ქართველმა მომხმარებელმა ამ შემთხვევაშიც შეინარჩუნა სტატუს-კვო და პოლიტიკურ ჭრილში გადაწყვიტა ყველაფერი.

„ბაბლი“ ასე დაიყო - ფუნდამენტალისტი „ქოცები“ ერთმანეთს ულოცავდნენ ბასილაშვილის გამართლებას, ხოლო დანარჩენი ნაწილი ზიზღით იფურთხებოდა მოსამართლის (განაჩენის წაკითხვისას მიღებული გამომეტყველების გამო), ზოგადად ქართული სასამართლოს (გაქანებული ფემიციდის დროს ძალადობაში ბრალდებულის გამართლების გამო), ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდამჭერების (გამაღიზიანებელი ნიშნისმოგების გამო) და ვლადიმერ პუტინის (ყოველი შემთხვევისთვის) მისამართით.

არადა, ეს საქმე ჩვეულებრივ, „სელებრითების სასამართლოდ“ დარჩებოდა, რომ არა ფემიციდის რეალური პრობლემა, ოჯახური ძალადობისა და გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობის არნახული ზრდა და ამ ყველაფერზე მმართველი ძალის მხარდამჭერი, რეალური თუ არარეალური მომხმარებლების დამცინავი დამოკიდებულება.

„თუ გინდა, იპოვო დამნაშავე, ეძებე ის, ვისაც ეს დანაშაული სარგებელს მოუტანდა“ (უცნობი ავტორი)

ზოგადად, ნებისმიერი თემის პოლიტიკურ სარგებლად ქცევა ქართული პოლიტიკის ექსკლუზივია.

მაგრამ, ლოგიკურად რომ გავყვეთ, რატომ უნდა აწყობდეს ან მმართველ და ან ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში ქალთა მკვლელობები და ამისი მორალური მხარდაჭერა სასამართლოს  (ანუ სახელმწიფოს)  მიერ?

ხაზს ვუსვამ - ეს განაჩენი სწორედ ასე იქნა აღქმული საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან.

რეალურად, ბოლო დროს გახშირებული ქალთა მკვლელობები არ არის შემთხვევითი მოვლენა - ეს რამდენიმე ფაქტორის ერთდროული მოქმედების შედეგია.

კერძოდ:

 1. ყბადაღებული „ქართული მენტალიტეტი“ და „ტრადიციები“, რომელიც, სინამდვილეში, „ქართული საბჭოთა მენტალიტეტი“ და „საბჭოთა ტრადიციებია“ და არაფერი აქვს საერთო რეალურ ქართულ აზროვნებასთან - პირიქით, უფრო ფუნდამენტალურ ისლამს უთანაბრდება ქალთა მიმართ დამოკიდებულებაში და მათზე ძალადობის მხრივ ხშირად აჭარბებს კიდეც.

 2. რელიგიური ფაქტორი - რომელიც, უმეტესწილად, ისევ „ტრადიციად“ საღდება და რომელსაც არ ჰყავს პატრონი, რომ ადამიანებს გასაგებად აუხსნას, რას გულისხმობს ესა თუ ის მონაკვეთი საღვთო სჯულსა თუ სხვა წიგნებში.

 3. თაობათა შორის არასწორი კავშირი - მოძალადე მშობლები და ახალგაზრდები, რომლებიც იზრდებიან გარემოში, სადაც ძალადობა და სიყვარული ხშირად გაიგივებულია.

 4. განათლების ძირეული პრობლემა - ბავშვთა მოძულე მასწავლებლები, „კარგ მენეჯერებად“ მონათლული, თავის მართლებაში დახელოვნებული დირექტორები, არაპროფესიონალებით სავსე რესურსცენტრები და რეალურ საჭიროებებს აბსოლუტურად აცდენილი სასწავლო პროგრამა.

 5. რუსული პროპაგანდა - უამრავი არასამთავრობო, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის, ძირითადად მოძალადე ჯგუფები, რომელთა დაფინანსებაც პირდაპირ, უკვე ღიად და დაუფარავად მიბმულია რუსეთის სპეცსამსახურებზე და რომელთა მეშვეობითაც მუდმივად ვრცელდება ფემიციდის თუ სხვა ტიპის ძალადობის წამახალისებელი მესიჯები.

ამ ყველაფრის მოგვარებას ნორმალური საზოგადოება ამდენი წლის განმავლობაში უპრობლემოდ მოახერხებდა.

ჩვენც მოვახერხებდით, რომ არა ერთი კონკრეტული, ძალიან დიდი და სერიოზული მიზეზი ამ ყველაფრისა - ქართული სახელმწიფო და მმართველი პარტია, რომელიც საზოგადოების წევრებს მხოლოდ ამომრჩევლებად და სტატისტიკად აღიქვამს.

უკუღმა გავყვეთ - ოკუპანტის პროპაგანდის აღმოფხვრა ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, მაგრამ ხელისუფლება პრორუსულ ჯგუფებს ხელს არ უშლის და სწორედ ასე ცდილობს, ამომრჩევლის იმ ნაწილის გული მოიგოს, ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს „საბჭოთა სიკეთეები“ და არამარტო სსრკ-ში, 90-იანებში დაბრუნებასაც კი ნატრობს.

განათლების პრობლემასაც მივხედავდით აქამდე, რომ არა აგიტატორებად ქცეული მასწავლებლები, კოორდინატორებად ქცეული დირექტორები, ოდეერებით სავსე რესურსცენტრები და რადარებიდან გამქრალი განათლების სამინისტრო.

თაობათა კავშირსაც მიეხედებოდა აქამდე, რომელიმე თაობას მაინც ნორმალური დასაქმებისა და პოტენციალის რეალიზების პირობები რომ ჰქონოდა - სხვის ცხოვრებაში ხელების ფათური, უმეტესწილად, ბირჟაზე მდგომი, უსაქმური ხალხის საქმეა და ფემიციდის შემთხვევათა უმეტესობაც, სწორედ მსგავსი, კვაზისოციუმების წახალისებით ხდება - რეგიონებში განსაკუთრებით.

რელიგიური ფაქტორი ცალკე პოსტის თემაა - ქართული პოლიტიკური ძალები, უკვე ათწლეულებია, საკუთარი დაკარგული ნდობის ჩანაცვლებას ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კეკლუცობით, კოალიციებითა და მათთვის უზარმაზარი ბენეფიტების შეთავაზებით ცდილობენ, ხოლო შედეგად ვიღებთ ამბიონიდან და მიტინგის ტრიბუნიდან ძალადობის ქადაგებას, სადაც ძალადობის ადრესატი, უმეტესად, ხელისუფლებისთვის არასასურველი პერსონები და სოციალური ჯგუფებია (გაიხსენეთ 2021 წლის 5 ივლისი).

მენტალიტეტის ცვლილება ყველაზე შრომატევადი და გრძელვადიანი საქმეა, მაგრამ ამასაც მოვერეოდით, რომ არა ამ მენტალიტეტის გადაჯაჭვულობა კრიმინალურ მენტალიტეტთან და ამ მენტალიტეტის მქონეთა აქტივობის გამოყენება მმართველი ძალების მიერ ყველა არჩევნებზე, რაც, ბოლო დროს, ფაქტობრივად, ნორმად იქცა.

კი, ჩვენ შევძლებდით, ამ ყველაფრისთვის ეტაპობრივად მოგვევლო და მოგვეგვარებინა, რომ არა ხელისუფლების დაინტერესება, ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არის.

ქვეყანაში, სადაც, შეიძლება, ითქვას, შუა საუკუნეების მსგავსი „ჯადოქრებზე ნადირობაა“ გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი, ბასილაშვილის საქმე, შესაძლოა, ახალ „ჯადოქართა უროდ“ - ერთგვარ სახელმძღვანელოდ იქცეს, რომელიც ყველა მოძალადეს ხელებს გაუხსნის, ხოლო ძალადობის მსხვერპლ უამრავ ქალს იმედს მოუკლავს, რომ სამართლის პოვნა ნორმალური გზით შესაძლებელია.

ასე აღიქვამს ამას ყველა, მმართველი ძალის მხარდამჭერების გარდა.

ძალადობა, ნებისმიერი ფორმით, კონვეიერული წესით ამრავლებს უბედურ ადამიანებს.

ხოლო უბედური ადამიანი იდეალური გადამხდელია  რელიგიური ორგანიზაციებისთვის (ირაციონალურ ტკივილებს ირაციონალური წამალის ძიებამდე მივყავართ) და იდეალური ამომრჩეველია მმართველი ძალისთვის (მაინც არაფერი შეიცვლება და რა აზრი აქვს არჩევნებზე მისვლას).

ამ ყველაფერს დავუმატოთ აბსოლუტურად ნდობადაკარგული სასამართლო, რომელიც საზოგადოებისთვის „მურუსიძეებთან“ ასოცირდება, და მივიღებთ სიტუაციას. სადაც საზოგადოების მოთმინება და იმედი თანაბარპროპორციულად იწურება.

ჩემს მშობლიურ კუთხეში, ქიზიყში, ნებისმიერი მეღვინე გლეხი გეტყვით, რომ ღვინის დუღილის დროს ჭურჭელს თავი არ უნდა დაახურო - გახეთქავს.

დროებით. 

ლექსო ლეკიაშვილი