თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ განაჩენს, მისი ყოფილი ცოლი ნელი დოროყაშვილი Facebook-ზე გამოეხმაურა.
დოროყაშვილი ბასილაშვილის წინააღმდეგ, ყველა ინსტანციაში აპირებს სამართლებრივ დავას.
„სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგში და გაეროში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რადგან უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, სულ რომ ყველამ თვალი დახუჭოს მტკიცებულებებით სავსე საქმეზე სტატუსისა და გავლენების გამო, ჩვენ მაინც მივიღებთ სამართლიანობას. ამ „ქეისს" გავხდით მაგალითად, თუ როგორ მუშაობს საქართველოში სასამართლო სისტემა“, - წერს დოროყაშვილი.
მანამდე, სოციალურ ქსელში, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
„გაფორმდა ფემიციდი! მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთხელ ამხილა თავი და კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად“,- წერს აბაშიძე.
როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, „მსხვერპლი ქალის მონელების უფლებას“ არავის არ მისცემენ და ნელი დოროყაშვილის დაცვა გაგრძელდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.