პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის, ნათია გურულის განცხადებით, ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას და გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს.

„ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არა ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს. ბრალდების მხარეს დარჩა განცდა, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულები, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილს ამხელდა დანაშაულში. ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა და ამასთან, ბრალდებული და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა“, - განაცხადა პროკურორმა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.