ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ირანის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ბოლო მოვლენები და რეგიონული ვითარება განიხილეს.
ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ხაზი გაუსვა მეზობლებთან, მათ შორის სომხეთთან ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას და დაადასტურა ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერა აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მუდმივი მშვიდობის დამყარების, სასაზღვრო დავების გადაწყვეტისა, საზღვრების სტაბილიზაციისა და რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ამირაბდოლაჰიანმა ხაზი გაუსვა მეზობლობის გაძლიერების მიზნით შიდარეგიონული ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
მან ხაზი გაუსვა სომხეთის გავლით ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის შენარჩუნებისა და გაფართოების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ეწინააღმდეგება ნებისმიერ გეოპოლიტიკურ ცვლილებას რეგიონში და ასევე საზღვრების ნებისმიერ ცვლილებას.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ირანი ეწინააღმდეგება რეგიონში საგარეო ძალების ყოფნას. მან ხაზი გაუსვა რეგიონის შიგნით არსებული შესაძლებლობების, მათ შორის „3+3“ მექანიზმის გამოყენების აუცილებლობას და განაცხადა, რომ რეგიონული პრობლემები თავად რეგიონის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ.
ირანის საგარეო უწყების ცნობით, თავის მხრივ, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის, გახსნას თავისი გენერალური საკონსულო თავრიზში და აღნიშნა, რომ ირანი და სომხეთი სულ უფრო აფართოებენ კავშირებს ტურიზმის სექტორში მათი საერთო კულტურის გამო. მისივე თანახმად, ფაშინიანმა გადაუხადა ირანს კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენაში დახმარებისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის.
ინფორმაცია შეხვედრის შესახებ გაავრცელა ფაშინიანის ოფისმაც. მისი მიხედვით, ირანელმა დიპლომატმა ფაშინიანს პრეზიდენტ რაისის მიწვევა გადასცა.
„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან ფართპა, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ეს დღის წესრიგი გრძელვადიანი დაგეგმვის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. გასაგებია, რომ ახლა ჩვენ ძალიან კონცენტრირებულები ვართ და სამწუხაროდ, ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტაზე გვიწევს ფოკუსირება, მაგრამ მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დამოკიდებულება ამ პრობლემების მიმართ უფრო პრაქტიკული იქნება, თუ ჩვენ გვექნება გრძელვადიანი ხედვა ყველაფერზე“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხური მხარის ცნობით, ფაშინიანმა და ამირაბდოლაჰიანმა ორმხრივი და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ და უსაფრთხოების ვითარებაზე. პრემიერმა აღნიშნა ირანული მხარის მკაფიო შეფასებებისა და არსებულ ვითარებაში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.