„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებზე უარი თქვა.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ორი დღის წინ, გიორგი ვაშაძე „გირჩის“ შეთავაზებას დათანხმდა, ინდივიდუალურ შეხვედრასთან დაკავშირებით, თუმცა პოზიცია მოულოდნელად შეცვალა.
ელისაშვილის განცხადებით, შესაძლოა გიორგი ვაშაძის პოზიციის ასეთი სწრაფი ცვლილება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მისი კომპრომიტირების და შანტაჟის შედეგი იყოს.
ვარაუდობს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ვანო მერაბიშვილი და გიგა ბოკერია სწორედ ამ კომპრომატებით ემუქრებიან.
„არ გამოვრიცხავ, რომ იყოს სხვა მიზეზები. გიორგი ვაშაძის ან სხვების წინააღმდეგ, სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ, რომლებიც ერთ დღეს ამბობენ, შევხვდეთო და მეორე დღეს აღარ სურთ შეხვედრა, სხვა ბერკეტებიც ჰქონდეთ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მაგალითად, კომპრომატები და სწორედ ამით მართავდნენ და ამას იყენებდნენ მათი პოზიციების ცვლილებებისთვის.
„ქართული ოცნებაც“ ამბობდა და სამწუხაროდ, ლოგიკა არის ამაში. ვის შეიძლება ჰქონდეს მათ წინააღმდეგ კომპრომატები? არ ვიცი, ვინც წინა ხელისუფლებაში იყვნენ. ალბათ, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია და ისინი, ვინც იყვნენ ადრეც ამით დაკავებულები, ხომ გვახსოვს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ბრალდებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უპასუხა. ვაშაძის თქმით, მან არაერთხელ დააფიქსირა განსხვავებული პოზიცია და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მასზე რამე კომპრომატი რომ ჰქონოდათ, აქამდე გამოაქვეყნებდნენ.
„ასე რომ, ეს არის ტყუილი, ზღაპარი და ძალიან ვთხოვ ალეკოსაც, იაგოსაც, ყველას, აქცენტი იყოს „ქართული ოცნება“ და არა - ოპოზიცია. დიდ ყურადღებას არ ვაქცევ ასეთ განცხადებებს, სიმართლე გითხრათ, იმუნიტეტი გამომიმუშავდა ამერიკაში ყოფნის პერიოდში, მაგრამ რასაც ხელს უშლის, ასეთი პოზიციონირება ნამდვილად უშლის მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებას. დანარჩენი, თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, დაანებონ თავი ჭორაობას, ეს არის ჭორაობა, პოლიტიკოსი დაკავებული უნდა იყოს არა შეთხზვით, არამედ საქმის გადაწყვეტით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძე შეხვედრაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ არასწორად მიაჩნია ოპოზიციის მხრიდან მუდმივი ახალ-ახალი ინიციატივები.
„ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავს განცხადებებს აქვს ადგილი, ელისაშვილის თუ „გირჩის“ წარმომადგენლების მხრიდან. არასწორად მიმაჩნია ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ახალ-ახალი ინიციატივების წამოყენება, როდესაც არანაირი სიმპტომი არ არსებობს, რომ „ქართული ოცნება“ რაიმე ტიპის კომპრომისზე აპირებს წასვლას“, - აცხადებს ვაშაძე.
„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, როდესაც საჯაროდ განაცხადეს, რომ „გირჩი“ და „მოქალაქეები“ გიორგი ვაშაძესთან აპირებდნენ შეხვედრას, ვაშაძეს საწინააღმდეგო პოზიცია არ დაუფიქსირებია.
„წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა. ვიცი, რომ გუშინ ყველაფერი რიგზე იყო და დღეს შეიცვალა. არ ვიცი, ეს ბატონი გიორგის გუნება-განწყობას უკავშირდება, თუ პარტიის შიგნით სხვა პრეფერენციები არსებობს. მარჩიელობას ვერ დავიწყებ. ჩვენ მანამდე გვქონდა კომუნიკაცია და როდესაც საჯარო სივრცეში გამოტანილ ამ იდეაზე ვსაუბრობდით, მისაღები იყო ბატონი გიორგი ვაშაძისთვისაც. მერე რა შეიცვალა, არ ვიცი. ცხადია, ვერავის დავაძალებ ჩემთან საუბარი უნდოდეს პრივატულ სივრცეში, მაგრამ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან საუბარი ისედაც მოგვიწევს საჯარო სივრცეში. მზად ვარ, საჯაროდ ვილაპარაკო იმაზე, რაზეც მანამდე საუბარი დავიწყეთ. თუმცა მანამდე საწინააღმდეგო პოზიცია არ ყოფილა. რა შეიცვალა, არ ვიცი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
თავის მხრივ, პარტია „ლელო“ თანახმაა თვითმმართველობის არჩევნებში ერთიანი ძალებით მონაწილეობის შესახებ „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ინიციატივა ერთიან ფორმატში განიხილოს., მაგრამ ინდივიდუალური შეხვედრის ფორმატზე უარს აცხადებენ.
„ლელოს წარმომადგენლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩვენების შესახებ ინიციატივის განსახილველად მზად არიან.
ამთავარია, დავინახოთ, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად სურს შეთანხმება, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რაც შეეხება შეხვედრას „გირჩის“ და ელისაშვილის წარმომადგენლებთან, ვერ გეტყვით, რა იქნება უშუალოდ ამ კონკრეტულ წინადადებაზე „ლელოს“ პოზიცია, იმიტომ, რომ ამაზე სიღრმისეული ოფიციალური მსჯელობა არ ყოფილა, მაგრამ თავად ეს წინადადება რომ შეიძლება იყოს მსჯელობის საგანი, მათ შორის, ერთიან ფორმატში, ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.
რაც შეეხება ინდივიდუალურ განხილვებს, თუ ვთანხმდებით პარლამენტში შესვლა-არ შესვლაზე, მაშინ ერთად უნდა ვიმსჯელოთ. ალეკო ელისაშვილის და „გირჩის“ ამ ნაწილს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს პარლამენტში შესვლა და ახლა თანამოაზრეებს ეძებენ.”, - აცხადებს „ლელოს“ წარმომადგენელი კახა კოჟორიძე
მისი თქმით, ამ პროცესის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციას შორის მიმდინარე საუბრები გაგრძელდეს და სწორი გადწყვეტილება მიიღონ.
„რაც შეეხება 2022 წელს არჩევნების ჩატარებას, ჩვენი მიზანია, რომ 2021 წელს ჩატარდეს თუ ვერ მოხერხდება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, 2022 წელს ამაზე საუბარი“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ალეკო ელისაშვილს „ქართული ოცნება“ საკუთარი გზავნილების გასახმოვანებლად იყენებს.
„ევროპული საქართველოს დღის წესრიგში დგას ან რიგგარეშე არჩევნების, ან პლებისციტის დანიშვნა, სადაც იქნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული კითხვა: უნდა დაინიშნოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ბატონი ელისაშვილი დიდი ხანია, შეერწყა „ქართულ ოცნებას“ და „ოცნება“ ელისაშვილს სპიკერად იყენებს“, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.
„ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ალეკო ელისაშვილისთვის და „გირჩისთვის“, მთავარია არა ვადამდელი არჩევნები, არამედ ნებისმიერ ფასად პარლამენტში შესვლა და შესაბამისად, ეძებენ ყველანაირ გზას, რომ როგორმე გაათეთრონ თავიანთი გადაწყვეტილება.
„ვერ ვიტყოდი, რომ მათ გარდა არავის არ უნდა შეთანხმება, უბრალოდ მათ გარდა არავის არ უნდა პარლამენტში შესვლა. დანარჩენ ოპოზიციონერებს აინტერესებთ და გვაინტერესებს ვადამდელი არჩევნები. ელისაშვილის ოპოზიციონერობა არც არასოდეს მჯეროდა იმიტომ, რომ არასდროს არ იყო გულწრფელი, ვხედავდი ბევრ რამეს, მათ შორის, იმასაც, როგორ ეხმარებოდა მას „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის წინა არჩევნებზე და მისი ქცევით საბოლოოდ დაადასტურა, რომ ის არ არის რეალური ოპოზიციონერი. მისი ქცევა მიმართულია იმისკენ, რომ დაიშალოს ოპოზიციური ერთობა და ის თამაშობს ბიძინა ივანიშვილის თამაშს”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
დღესვე გიორგი ვაშაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გაჩენილ პოლიტიკურ შესაძლებლობებზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მესამე მძლავრი პოლიტიკური ცენტრის შექმნის რეალური შესაძლებლობა გაჩნდა.
ვაშაძის თქმით, ის პარტნიორებთან ერთად ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე იწყებს მუშაობას, რომელიც ამომრჩეველს ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.
„აბსოლუტურად სრულიად ახალი რეალობა გვაქვს ქვეყანაში. ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, წავიდა „ქართული ოცნებისგან“, დატოვა როგორც თანამდებობა, ასევე წევრობა. შესაბამისად, მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. პირდაპირ ვთქვათ, ეს ახალი რეალობა გულისხმობს, რომ „ქართული ოცნება“ დიდ მხარდაჭერას დაკარგავს და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ალტერნატიული არჩევანი. რა შეიძლება იყოს ეს არჩევანი? მძლავრი მიზიდულობის ცენტრი, მესამე პოლიტიკური ცენტრის სახით. ვინ შეიძლება იყოს აქ - სხვადასხვა პოლიტიკური პარტია, თუ ცალკეული პოლიტიკოსები, სხვადასხვა ექსპერტი, თუ საზოგადოებრივი პირი. ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ბევრი ოპოზიციური პარტია მიაკითხავს თხოვნით და შეთავაზებით, მათგან „ჭეშმარიტი“ ოპოზიცია შექმნას.
ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა Europetime-სთან ინტერვიუში განცხადა და დასძინა, რომ, პოლიტიკური ძალები და პერსონები, რომლებიც ახლა ბიძინა ივანიშვილს მწვავედ აკრიტიკებენ, მისკენ მიმავალი გზების ძიებას დაიწყებენ.
"ღევანდელი ქართული ოპოზიცია უმწეოდ გამოიყურება, ამიტომ აუცილებლად გამოჩნდება ახალი ძალა, რომელიც შეძლებს ამ სიტუაციაში თავის ადგილის დაკავებას და იმ ვაკუუმის შევსებას, რომელიც არსებობს. ეს შეიძლება არ იყოს ხვალ, ან ზეგ, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება. როგორც ჩანს, ივანიშვილმა იგრძნო ამის აუცილებლობა და ფიქრობს, რომ შანსი აქვს კონტროლი შეინარჩუნოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, საკმარისად კარგად გრძნობს უკვე საზოგადოებრივ განწყობებს. შეიძლება პირველ ხანებში საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა, მაშინ მასთან ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა. დღეს უკვე საკმაოდ კარგად გაიწაფა", - განუცხადა Europetime-ს ზაზა ფირალიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტირების გადაწყვეტილებებზე წუხილს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ასამბლეა მუდმივად ეწინააღმდეგებოდა საპარლამენტო ბოიკოტს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს. ევროსაბჭო აღნიშნული პოზიციის შესახებ ინფორმაცია 16 იანვარს გავრცელდა.
ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური ანგარიშია ასევე აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში და 2020 წლის მარტის პოლიტიკურმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო საკანონმდებლო ორგანოს უფრო მრავალპარტიულ ჩამოყალიბებას.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებულ სადეპუტატო მანდატებზე უარი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის 54-მა წარმომადგენელმა თქვა. მოპოვებულ მანდატებზე უარის თქმის მიზეზი არჩვენების შედეგებისადმი უნდობლობა გახდა. ოპოზიციურმა პარტიებმა პარალემნტს ბოიკოტი გამოუცხადეს და პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს. "პატრიოტთა ალიანსის" საარჩევნო სიის 4 წევრმა, ადგილმონაცვლეობის პრინციპით მანდატი მიიღო, პარლამენტში შესვლაზე თანხმობა განაცხადეს. მანდატის მიღების შემდეგ ოთხივე დეპუტატი "პატრიოტთა ალიანსს" გაემიჯნა და ახალი პარტია "ევროპელი სოციალისტები" დააფუძნეს. რის შემდეგაც საპარლამენტო "უმრავლესობის წევრებმა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს. უმრავლესობის თქმით პარლამენტი ერთპარტიული აღარ არის, რადგან ოპოზიციური პარტია უკვე წარმოდგენილია და დანარჩენი ოპოზიციის ბოიკოტს, აზრი არ აქვს.
ბოლო რამდენიმე დღეა, ოპოზიციურ პარტიების ნაწილმა პარლამენტში შესვლის თაობაზე, შიდა მოლაპარაკებების ახალი ტალღა დაიწყო, თუმცა ხელისუფლებისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.
„გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი მზად არიან, პარლამენტში შესვლის პირობით, ხელისუფლებისთვის წაყენებული პირობები, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურად განიხილონ.
„იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდეთ, ხელისუფლებასთან ასეთი პირობები გვაქვს" - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, ელექტრონული არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. ასევე მოვითხოვთ, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ. თუ ადგილობრივ არჩევნებს იგებს ხელისუფლება, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი მაინც გადაიწევს მეორე პლანზე, იმიტომ, რომ მას თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია", - აცხადებენ „მოქალაქეები“ და „გირჩი“.
18 იანვარს, საპარლამენტო უმრავლეოსობის წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პლებისციტად ჩათვლა „არასწორია“ და ოპოზიციასთან შეთანხმება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ „საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფაზე"; ხოლო რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდეს, თუკი ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საკუთარი პრეტენზიების დასაბუთებას შეძლებს.