გერმანია უკრაინას რაც შეიძლება მალე გადასცემს კიდევ სამ IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას და თითოეულ მათგანს შეუძლია, დაიცვას დიდი ქალაქები. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, უკრაინის აღდგენის შესახებ მე-5 გერმანულ-უკრაინულ ბიზნეს ფორუმის გახსნაზე განაცხადა.
მისი თქმით, გერმანია პარტნიორებთან ერთად მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.
შოლცმა აღნიშნა, რომ 24 თებერვალს რუსეთის შეჭრა საშინელი თავი გახდა ზოგადად ისტორიაში და, უპირველეს ყოვლისა, უკრაინისა და უკრაინელების ისტორიაში.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას პოლიტიკურად, ფინანსურად, ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად და იარაღით. დიახ, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ამაზე ეკონომიკურ კონფერენციაზე. რუსეთის თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, აჩვენებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს აღდგენისა და დაცვისთვის.
ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენი საზენიტო-სარაკეტო სისტემები და საზენიტო თვითმავალი დანაყოფები და ახლა ასევე IRIS-T-ის სისტემა არის უკრაინაში.
11 ოქტომბერს, გერმანიამ უკრაინას პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T მიაწოდა. IRIS-T SLM არის გერმანული წარმოების ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემა. სისტემა შეიმუშავა გერმანულმა თავდაცვის კომპანია Diehl Defence-მა. სისტემა შექმნილია ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე თვითმფრინავების, ვერტმფრენების და უპილოტო საფრენი აპარატების გასანადგურებლად.