გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირის ნაწილი უნდა გახდეს. ოლაფ შოლცის თქმით, ეს კარგი სიგნალია კერძო ინვესტორებისთვის, რომლებიც უკრაინის რეკონსტრუქციაში ჩადებენ ინვესტიციებს, ინვესტირებას განახორციელებენ ქვეყანაში, რომელიც იქნება ევროკავშირის ნაწილი და საერთო ევროპული ბაზრის ნაწილი.
„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ყველამ გაიგო დიდი ხნის წინ, მაიდნის შემდეგ: უკრაინა არის ევროპული ოჯახის ნაწილი. მე ძალიან სერიოზულად ვლაპარაკობ და მესმის ამის ყველა შედეგი - ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა ევროკავშირის ნაწილი გახდეს“, - განაცხადა შოლცმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია არამხოლოდ უკრაინის დანგრეული ენერგეტიკული სექტორის აღდგენა, თუმცა ეს ახლა პრიორიტეტულია, არამედ ეფექტიანობის გაზრდა, ელექტროენერგიის უკრაინიდან ევროკავშირში ექსპორტის განვითარება და უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გაძლიერება.
„უკრაინაში მზე და ქარია - ეს არის ძალიან კარგი წინაპირობა, რომ იყოს არამხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი. უკვე არსებობს პირველი შეთანხმება უკრაინულ და გერმანულ საწარმოებს შორის და ვიცით, რომ დიდი პოტენციალი არსებობს აქ", - განაცხადა შოლცმა.