პელოსი: აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას გამარჯვებამდე

ვლადიმერ პუტინი დამარცხდება, შეერთებული შტატები უკრაინას მხარს დაუჭერს გამარჯვემადე, ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის სამიტზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, პუტინი მიზნად ისახავს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის ზიანის მიყენებას და ანადგურებს უკრაინის ელექტროსადგურებს, ცდილობს, უკრაინელები გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს.

„პუტინის ბოლო თავდასხმამ ესკალაცია მოახდინა ომისა, რომელიც მან დაიწყო და რომელსაც ის წააგებს“, - განაცხადა პელოსიმ. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ცივილიზებული სამყაროს ქვეყნები უკრაინას დაჰპირდნენ მხარდაჭერას.

„ყველამ დავდეთ პირობა, რომ დავდგებით უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით, ვაღიარებთ მათ გამბედაობას და გავაგრძელებთ ორპარტიულ მხარდაჭერას მათ გამარჯვებამდე“, - აღნიშნა პელოსიმ.