რუსმა ბიზნესმენმა პრიგოჟინმა პუტინთან საუბრისას, უკრაინაში რუსეთის არმიის მოქმედება გააკრიტიკა - WP

რუსმა ბიზნესმენმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირად საუბარში გააკრიტიკა რუსეთის არმიის მოქმედება უკრაინასთან ომში. ამის შესახებ The Washington Post-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირსე დაყრდნობით წერს.

The Washington Post წერს, რომ ეს ფაქტი ხაზს უსვამს რუსეთის თავდაცვის ისტებლიშმენტის ფორმალური ხელმძღვანელობის მყიფე მდგომარეობას, რომელიც პრიგოჟინისა და სხვების მხრიდან კრიტიკის სამიზნედ იქცა, ბრძოლის ველზე შეცდომებისა და დანაკარგების შემდეგ.

თავად პრიგოჟინმა უარყო, რომ მას პუტინთან ჰქონდა საუბარი და ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.


აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის წევრს კრემლის ლიდერთან უთანხმოება მოუვიდა. ამის შესახებ The Washington Post-ი 7 ოქტომბერს წერდა.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, უკმაყოფილება, რომელიც პუტინის ახლო წრის წევრმა გამოთქვა, ეხებოდა არასწორი გადაწყვეტილებების მიღებას ომის მიმდინარეობისას და სამხედრო მობილიზაციის კამპანიის განმახორციელებელთა მიერ დაშვებულ შეცდომებს.

„დაზვერვა ხაზს უსვამს განხეთქილებას ზედა ეშელონებში, სადაც მაღალი თანამდებობის პირებს დიდი ხანია, არ სურთ ცუდი ამბების მიტანა ავტოკრატი ლიდერისთვის“, - წერს The Washington Post-ი. 

„ოკუპაციის დაწყების შემდეგ ჩვენ პუტინის რამდენიმე ახლო გარემოცვის მხრიდან მზარდი განგაშის სიგნალის მოწმენი ვართ. სავარაუდოდ, ეს განსაკუთრებით გამოწვეულია რუსეთის ბოლოდროინდელი დანაკარგებით, არასწორი მიმართულებით და ფართო სამხედრო ხარვეზებით", - განაცხადა დასავლური დაზვერვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Washington Post-ის ცნობით.

მისივე ცნობით, უამრავი ადამიანია კრემლში, ვინც ფიქრობს, რომ „სამხედრო ოპერაცია“ კარგად არ მიმდინარეობს, ან საერთოდ, ეს ქმედებები არასწორი იყო.