NATO მოუწოდებს რუსეთს, განაახლოს „მარცვლეულის შეთანხმება“ და შავ ზღვაში აგრესიული ქმედებები შეწყვიტოს – სტოლტენბერგი

NATO მოუწოდებს რუსეთს, განაახლოს „მარცვლეულის შეთანხმება“ და შავ ზღვაში აგრესიული ქმედებები შეწყვიტოს. ამის შესახებ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„რუსეთის ომმა, შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად აქცია. შავ ზღვაში რუსული ხომალდებიდან გაშვებულმა რაკეტებმა გაანადგურა უკრაინის ქალაქები. თვეების განმავლობაში რუსული ძალები ბლოკავდნენ უკრაინის პორტებს, რამაც გამოიწვია გლობალური სასურსათო კრიზისი ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს თურქეთის დახმარებით მიღწეული გაეროს „მარცვლეულის შეთანხმება“ და დაუშვას სურსათის მიწოდება მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, შავ ზღვას NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

„შავი ზღვის აუზის ქვეყნებს წარმოადგენს სამი მოკავშირე ქვეყანა და ასევე ალიანსის ახლო პარტნიორები - უკრაინა და საქართველო. სწორედ ამიტომ ალიანსი აძლიერებს სამხედრო ყოფნას რეგიონში. კერძოდ, ეს ეხება რუმინეთის ტერიტორიაზე NATO-ს საბრძოლო ჯგუფის განლაგებას. შავ ზღვაში, წვრთნებში მონაწილეობს საფრანგეთის ხელმძღვანელობით კონტინგენტი, რომელიც ასევე მოიცავს ჯარებს ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან და შეერთებული შტატებიდან, ეს მოწმობს NATO-ს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ დაიცვას პოტენციური აგრესიისგან, რუმინეთი თუ სხვა მოკავშირე ქვეყნები“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.