მისივე თქმით, საქართველოს სურს, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი.
„ვაფასებთ თქვენს შეფასებებს, რომლებიც უკავშირდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ევროპული პერსპექტივის მონიჭება, ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის ერთგულად მიჰყვებოდნენ ამ ცივილიზაციურ არჩევანს.
მაგალითად, თქვენ კარგად იცით ბატონო პრემიერო, რომ ჩვენ დიდი მსხვერპლი გავიღეთ NATO-ს მისიებში, ერაყში, ავღანეთში, ვართ წარმოდგენილი ევროკავშირის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, თავის ევროპულ არჩევანს და მიმდინარეობს მუშაობა 12 რეკომენდაციაზე და მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს.
„ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმ 12 რეკომენდაციაზე, რომლებიც ევროკომისიამ განსაზღვრა. ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. ჩვენ კარი გავუღეთ ყველა აქტორს, იქნებოდა ეს არასამთავრობო სექტორი თუ ოპოზიციური პარტიები, რომ მათაც მიეღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენ, ჩვენის მხრივ, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება, მალე მიიღოს.
მე ასევე მინდა ვთქვა, ამის თაობაზე ბატონმა პრემიერმა უკვე ისაუბრა, რომ ჩვენ დღეს ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. მთავრობებს და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
აქვე მინდა აღვნიშნო და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის მიმართ, მისი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხის ინტერსები დავიცვათ ამ რთულ დროს.
საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, თავის ევროპულ არჩევანს. ჩვენი ეკონომიკა ვითარდება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს კიდევ უფრო მეტად ევროპას და ევროპულ სტრუქტურებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.