უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იტალიასთან მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელებას ელის. ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინას მიეწოდება ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემები, როგორიცაა SAMP-T.
ამის შესახებ მან იტალიურ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„საჰაერო თავდაცვის სისტემები. ეს ჩვენთვის დღეს დიდი პრიორიტეტია. თქვენ იცით რატომ. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ხალხი დაბრუნდეს საზღვარგარეთიდან, რათა მათმა შვილებმა ისწავლონ სკოლაში, უნივერსიტეტში და ა.შ. მაგრამ უსაფრთხოების გარეშე, საჰაერო თავდაცვის სისტემების გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება.
ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელიც აწარმოებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს. იტალია აწარმოებს SAMP-T სისტემებს საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად. ჩვენ გვჭირდება ისინი", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მსგავსი საჭიროებების შესახებ მან უკვე აცნობა იტალიის მთავრობას.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მას მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარი ჰქონდა იტალიის ახალ პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონთან და მიიწვია ის უკრაინაში.
„ვფიქრობ, ჩვენ ვაშენებთ ურთიერთობების ახალ დონეს უკრაინასა და იტალიას შორის. ეს იყო მარიო დრაგის დროს. ეს შესაძლებელი გახდა მისი და იტალიელი ხალხის წყალობით. ვფიქრობ, ჩვენ ავაშენეთ ძალიან კარგი და ძლიერი ურთიერთობები. მე არ მინდა მათი განადგურება. მე ეს ვუთხარი ჯორჯიას და მან თქვა: დიახ, რა თქმა უნდა. მე ნამდვილად მხარს გიჭერთ და მინდა ისეთივე დონის ურთიერთობა გქონდეთ, როგორიც ადრე გქონდათ და არც მათი განადგურება მინდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.