ელჩი დეგნანი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე: ვაგრძელებთ ამ საკითხზე საუბარს და შეთავაზების გაგზავნას ვაჭრობის დეპარტამენტთან

ამერიკის ელჩის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხის წამოჭრა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან ხშირად ხდება ხოლმე, რომლის პრეროგატივაც არის ეს თემა. კელი დეგნანის თქმით, ეს კომპლექსური პროცესია და უმეტესწილად, შეთანხმების ამოქმედების კონკრეტული თარიღიც დროის ფაქტორია.

„რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, ეს ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივაა და ამ საკითხის წამოჭრა მათთან ურთიერთობაში ხშირად ხდება ხოლმე.

როგორც მახსოვს, 2018 წელს ჩატარდა მიზანშეწონილობის კვლევა, ეს კომპლექსური პროცესია და თარიღი ალბათ დროის ფაქტორია უმეტესწილად, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხზე საუბარს და ხსენებული შეთავაზების გაგზავნას ვაჭრობის დეპარტამენტთან, რომ ამ საკითხზე მუშაობა ღირს და ესეც ალბათ იქნებოდა კიდევ ერთი დამაკავშირებელი ხიდი საქართველოსა და ამერიკას შორის.

ზოგადად, ყოველთვის ვცდილობთ, მოვძებნოთ გზები, რომ გაფართოვდეს ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები, რომ მოვიზიდოთ უფრო მეტი ამერიკული ბიზნესი საქართველოში და პირიქით, უფრო მეტი ქართული ბიზნესი ამერიკაში და ვფიქრობ, ეს სასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.


შეგახსენებთ, Europetime-მა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის პორტებში ინვესტიციების მნიშვნელობაზე საქართველოში „რესპუბლიკელი“ სენატორი რობ პორტმანიც ექსკლუზიურად ჩაწერა და მან პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

რობ პორტმანს იმედი აქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შესაძლებელია.

ამ მიმართულებით ის თავადაც აპირებს მუშაობას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც ბუშის ადმინისტრაციის დროს იყო აშშ-ის წარმომადგენელი ვაჭრობის საკითხებში. რობ პორტმანი არის სავაჭრო შეთანხმებების ინიციატორი სხვადასხვა ქვეყანასთან.

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ გაახორციელოს ინვესტიცია. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ამერიკული კომპანია გააკეთებს ამას. ზოგიერთი კომპანიის შეშფოთების მიზეზს სასამართლო სისტემა წარმოადგენს.

ამიტომ, ეს არის ერთი მიზეზი, რომელიც სასამართლო სისტემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რადგან მას საქართველოს მოქალაქისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, მეტი უცხოური ინვესტიცია მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს.

ეს იქნებოდა ინფრასტრუქტურული პროექტი, განსაკუთრებით პორტის პროექტი, რომელიც უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის. ასევე არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობა სოფლის მეურნეობასა და სასაქონლო ჯგუფებში, მათ შორის არის მაინინგი და წარმოება. ასე რომ, ვფიქრობ, ეს დიდი შესაძლებლობაა მეტი ინვესტიციის განხორციელებისათვის, ქართველი ხალხის დასახმარებლად. ინვესტიცია კარგია და ჩვენ უნდა წავახალისოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიცია საქართველოში, მაგრამ ასევე გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა.

საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი თურქეთია, მეორე - რუსეთი. შეერთებულ შტატებს ძალიან მცირე ნაწილი უჭირავს და ამიტომ უნდა ვიპოვოთ გზა, როგორ გავზარდოთ უფრო მეტი მიწოდების ჯაჭვი საქართველოდან ამერიკაში ან მეტი ექსპორტი ამერიკაში და პირიქით. ეს არის ის, რაზეც პირადად ვიმუშავებ, რადგან მე პირადად ვიყავი ჩართული ვაჭრობის საკითხებში, როგორც შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი. იმედი მაქვს, რომ პირდაპირი ინვესტიციების გარდა, ვაჭრობის გაფართოებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა სენატორმა რობ პორტმანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.


ET-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებით, იმ დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ რიკერმაც უპასუხა.

ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა.

მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან.

შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ.