უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარცვლეულის ზოგიერთი გადამზიდავი, სამ კვირაზე მეტია, იცდის.
„რუსეთიდან საკმაოდ პროგნოზირებადი განცხადება მოვისმინეთ - ისინი საბოლოოდ აუქმებენ „მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივას“. სინამდვილეში, ეს მათი დღევანდელი გადაწყვეტილება არ არის. რუსეთმა სასურსათო კრიზისის განზრახ გამწვავება ჯერ კიდევ სექტემბერში დაიწყო, როცა ჩვენი საკვებით დატვირთული გემების მოძრაობა დაბლოკა.
სექტემბრიდან დღემდე, „მარცვლეულის დერეფანში“ უკვე დაგროვდა 176 ხომალდი, რომლებიც მარშრუტს ვერ მიჰყვებიან. მარცვლეულის ზოგიერთი გადამზიდავი, სამ კვირაზე მეტია, იცდის. ეს არის აბსოლუტურად მიზანმიმართული ბლოკადა რუსეთის მხრიდან. ეს არის რუსეთის აბსოლუტურად გამჭვირვალე განზრახვა, დააბრუნოს ფართომასშტაბიანი შიმშილის საფრთხე აფრიკასა და აზიაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ „ტერაქტს“ ასახელებს, როდესაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდებზე, დრონებით იერიში განხორციელდა.
22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.