აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, გაეროს შუამავლობით გაფორმებული მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლით, მოსკოვი ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებას ცდილობს.
„რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც მარცვლეულის კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს აფერხებს, არის განცხადება, რომ ადამიანებმა და ოჯახებმა მთელ მსოფლიოში საკვებისთვის მეტი უნდა გადაიხადონ, ან იშიმშილონ“, - განაცხადა ბლინკენმა Reuters-ის ცნობით.
29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს.
რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო.
22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.