კიევი: რუსეთის ერთადერთი რეალისტური წინადადება, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანა უნდა იყოს

რუსეთის ერთადერთი რეალისტური წინადადება უნდა იყოს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანა. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ გააკეთა სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მზადაა, დასავლეთთან მოლაპარაკებებისთვის.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვისაც ნამდვილად სურს მოლაპარაკებების დაწყება, არ ანადგურებს ქვეყნის ენერგოსისტემას, რომ ზამთარში მოსახლეობა გაიყინოს, არ ბომბავს საცხოვრებელ ტერიტორიებს, არ აცხადებს მობილიზაციას, არ ბლოკავს მარცვლეულის ექსპორტს და არ აყენებს ულტიმატუმებს.

მისი თქმით, უკრაინული მხარე მადლობას უხდის საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც უკრაინის მხარდამხარ დგანან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მხოლოდ ერთობლივი მტკიცე ძალისხმევით არის შესაძლებელი რუსეთის შეჩერება, რომელიც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ ევროპის, არამედ, მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყებამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუ დასავლეთი „სრულიად გაითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს“ და მისი უსაფრთხოების საკითხებს, ასევე, „შეთავაზებს სერიოზულ მიდგომებს, რომლებიც ხელს შეუწყობს დაძაბულობის განმუხტვას“. იტყობინება რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი Ria Novost-ი.