2021 წლის მონაცემებით, დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მენეჯერების პოზიციაზე გამოვლინდა და 2 414.7 ლარი შეადგინა, - ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წელს საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 16142.8 ლარს შეადგენდა, საიდანაც 97.0% შრომის ანაზღაურებაზე მოდის, ხოლო 3.0% სხვა დანახარჯებზე (თანამშრომლების სოციალურ, კულტურულ-საგანმანათლებლო, კვალიფიკაციის ამაღლებისა და მსგავსი სახის ღონისძიებები). აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მონაცემებით, სამუშაო ძალაზე გაწეული დანახარჯები საშუალოდ ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს 32.3%-ით აღემატება.
სექტორების მიხედვით, სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში ფიქსირდება და 29201.0 ლარი შეადგინა, ხოლო ყველაზე დაბალი - განათლების სფეროში გამოვლინდა და 10 152.9 ლარით განისაზღვრა.
სახელმწიფო სექტორში სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური ხარჯები არასახელმწიფოსთან შედარებით 19.8%-ით დაბალია და შესაბამისად, 13 932.2 და 17 372.0 ლარს შეადგენს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.