უკრაინა, თურქეთი და გაერო, თურქეთის წყლებში 16 გემის გადაადგილების გეგმაზე, მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცახდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
სტამბოლის ერთობლივმა საკოორდინაციო ცენტრმა (JCC) გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სამი დელეგაცია ასევე 40 გემის შემოწმებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მხარესაც მიაწოდეს.
„უკრაინის, თურქეთისა და გაეროს დელეგაციები 31 ოქტომბერს საზღვაო ჰუმანიტარული დერეფნის გასწვრივ, უკრაინული ხორბლით დატვირთული 16 გემის მოძრაობის სქემაზე შეთანხმდნენ. ინიციატივის ყველა მონაწილე კოორდინაციას უწევს სამხედრო და სხვა შესაბამის ორგანოებს, რათა უზრუნველყონ კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილება შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ ფარგლებში“, - ნათქვამია სტამბოლის საკოორდინაციო ცენტრის განცხადებაში.
29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს.
რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო.
უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.