სომხეთისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთის მკაფიო პოზიცია სომხეთის ტერიტორიაზე შემოჭრილი აზერბაიჯანული ჯარების საწყის პოზიციებზე გაყვანის თაობაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
ფაშინიანმა საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის კონტექსტში აღნიშნა, რომ ამ პროცესის დასაწყისში ერევანმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების დონის ამაღლების მექანიზმების შექმნა.
„რუსეთის პოზიცია იყო, რომ დელიმიტაციის კომისიის ფორმირება გახდება საზღვრის უსაფრთხოების მექანიზმი. ჩვენ არ ვიზიარებდით ამ პოზიციას, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტეთ დავეყრდნოთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, რუსეთის ინტერპრეტაციას.
მაგრამ ამის მიუხედავად, 13 სექტემბერს აზერბაიჯანმა წამოიწყო ახალი ფართომასშტაბიანი აგრესია სომხეთის წინააღმდეგ და დაიკავა ჩვენი ქვეყნის ახალი ტერიტორიები, ამიტომ რუსეთის მკაფიო პოზიცია 2021 წლის 11 მაისის მდგომარეობით აზერბაიჯანული ჯარების პოზიციებზე გაყვანის აუცილებლობის ფორმულირებით, სომხეთისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირების შეხვედირა იმართება. მანამდე ნიკოლ ფაშინიანი, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. სომხეთის მედიის ცნობით, შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.