უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR), ფსკოვის რეგიონის აეროდრომზე, ორი რუსული საბრძოლო ვერტმფრენის განადგურება დაადასტურა.
მანამდე რუსული ტელეგრამის არხებმა ორი ვერტმფრენის აფეთქების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.
„31 ოქტომბრის ღამით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ვერეტიეს საჰაერო ძალების ბაზაზე (ოსტროვ-5, ფსკოვის ოლქი) ძლიერი აფეთქება მოხდა. ორი რუსული კა-52 „ალიგატორი“ თავდასხმის ვერტმფრენი მთლიანად განადგურდა. კიდევ ორი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული“, - ნათქვამია ანგარიშში.
დეპარტამენტის ცნობით, აფეთქებების შედეგების აღმოსაფხვრელად, ასევე სამხედრო ნაწილში დივერსიული ჯგუფების ძებნის მიზნით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
კა-52 („Hokum B“ NATO-ს კლასიფიკაციით) რუსული წარმოების სადაზვერვო და თავდასხმის ვერტმფრენია. მისი ღირებულება დაახლოებით $16 მილიონია.
უკრაინელი სამხედროების განცხადებით, ოქტომბრის ბოლოს სულ რაღაც ხუთ დღეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და საჰაერო თავდაცვამ უკვე ჩამოაგდეს ამ ტიპის შვიდი ვერტმფრენი.
მათი უმეტესობა განადგურდა ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში, სადაც ბრძოლები გრძელდება.