ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას შტორემ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები სამხედრო საფრთხის მაღალ დონეზეა გადაყვანილი.
„ეს არის ვითარების ყველაზე სერიოზული გართულება, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში,” - განმარტა მან და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რუსეთის მხრიდან საფრთხის კონკრეტული მტკიცებულება, მზარდი დაძაბულობა ქვეყანას უფრო დაუცველს ხდის სხვადასხვა სახის საფრთხეების, სადაზვერვო ოპერაციებთან მიმართებით.
ფორმალურად, მზადყოფნის ახალი დონე ძალაში პირველ ნოემბერს შევა, მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ Nord Stream გაზსადენზე მომხდარი ინციდენტიდან, რამაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნორვეგიის ნავთობის პლატფორმების დასაცავად გაგზავნა გამოიწვია.
გარდა ამისა, Reuters-ის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს სპიკერზე დაყრდნობით, ნორვეგიის საჰაერო ძალებმა გააუქმეს F-35 მებრძოლების წვრთნები შეერთებულ შტატებში, რადგან ამ მომენტში ოსლო „სამხედროების ნორვეგიაში შენარჩუნებას ამჯობინებს“.
რუსული ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, ნორვეგია ევროპაში, ბუნებრივი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა.