ალიევმა პუტინს, ყარაბაღის კონფლიქტში მედიაციისთვის, მადლობა გადაუხადა

დადგა დრო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ვიმოქმედოთ. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ  ვლადიმერ პუტინთან ორმხრივ შეხვედრაზე განაცხადა.

აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია, ბაქოს მიერ შემოთავაზებული ხუთი ძირითადი პრინციპის საფუძველზეა შესაძლებელი.

ალიევმა აღნიშნა, რომ ბაქოს იმედი აქვს რუსეთის შემდგომ აქტიურ როლზე, რომელაც ეს ქვეყანა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებაში შეასრულებს.

პუტინი: ჩვენ უნდა დავასრულოთ ყარაბაღის კონფლიქტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე, ვლადიმერ პუტინს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში შესრულებული როლისთვის, მადლობა გადაუხადა.  

ამასთან ალიევმა აღნიშნა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი უკვე ისტორიაა და ეს საკითხი ორი წლის წინ მოგვარდა.

„ამიტომ, ამ კონტექსტში განსახილველი პრაქტიკულად არაფერია. აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზება კი ის ფორმატია, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს მოითხოვს“, - განაცხადა ალიევმა.

ალიევი, ასევე შეეხო აზერბაიჯან-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობას, მან აღნიშნა, რომ ბაქო და მოსკოვი ურთიერთობებში პოზიტიურ დინამიკას აფიქსირებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირების შეხვედირა იმართება. მანამდე ნიკოლ ფაშინიანი, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. სომხეთის მედიის ცნობით, შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.