ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი, მეცენატი და მას არანაირი შეხება არ აქვს დეოლიგარქიზაციასთან, - დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს და 12-პუნქტიან გეგმას აუცილებლად შეასრულებს.
„ბოლო წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო რეფორმა განხორციელდა. დღეს, გვაქვს შესასრულებელი 12-პუნქტიანი გეგმა და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს, ამ ბმულზე გაეცანით.