აშშ გააგრძელებს მოსამართლეების მხარდაჭერას, რომ მათ შეძლონ ეფექტიანი საქმიანობა და გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მტკიცებულებებზე იქნება დაფუძნებული. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
კელი დეგნანის თქმით, მოსამართლეთა მოსაზრებები მათთან შეხვედრის დროს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გამართული შეხვედრებისას მოისმინა.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დონეზე უამრავ მოსამართლეს შევხვდი. მათგან ძალიან ბევრი მონაწილეობდა გაცვლით, სასწავლო პროგრამებში, სხვადასხვა ტრენინგში, მათ შორის მაშინაც, როდესაც ამერიკელი მოსამართლეები საქართველოში ჩამოდიან და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სხვადასხვა შეხვედრა ტარდება.
მე რაც მოვისმინე, ყველა მათგანი დაინტერესებულია, რომ მსგავსი შესაძლებლობა იყოს კიდევ უფრო მეტი, რადგან მიიჩნევენ, რომ ძალიან მათთვის მეტად ღირებულია, გაუზიარონ თავისი ხედვები ამერიკელ მოსამართლეებს, თავის მხრივ, ამერიკელი მოსამართლეები უზიარებენ თავიანთ აზრებს იმის შესახებ, თუ რა გამოწვევებია და როგორ შეიძლება მათი გადალახვა.
როგორც წესი, ეს არის ნაყოფიერი აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ემსახურება იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სასამართლოს სისტემის მოდერნიზებისკენ. ეს ძალისხმევა ძალიან ბევრი წელია, გრძელდება და მას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები, პროგრესიც სახეზეა, თუმცა ეს სამუშაო უნდა გაგრძელდეს, რადგან სწორედ ეს შედის 12 პრიორიტეტში, რომლებიც ევროკავშირმა განსაზღვრა.
ჩვენ ჩვენი მხრივ, გავაგრძელებთ მოსამართლეების მხარდაჭერას, რომ მათ შეძლონ ეფექტიანი საქმიანობა და იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მტკიცებულებებზე იქნება დაფუძნებული“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.