უკრაინული მხარის ცნობით, „მარცვლეულის დერეფანი" 3 ნოემბერს ისევ გაიხსნება

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ოლექსანდრ კუბრაკოვის ცნობით, მარცვლეულის დერეფანში, გემების მოძრაობა 3 ნოემბრიდან განახლდება. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. 

მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია გაერომ დაადასტურა და მარცვლეულის დერეფანს 3 ნოემბერს, 8 გემი გაივლის, ხოლო 2 ნოემბერს, ბოსფორის სრუტეში გემების ინსპექტირება ჩატარდება.

Reuters-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა სამშაბათს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, თავის თურქ კოლეგას განუცხადა, რომ რუსეთს შეუძლია, განიხილოს შეთანხმების განახლება მხოლოდ ყირიმის საზღვაო პორტზე, სევასტოპოლზე დრონების თავდასხმების გამოძიების დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ, უკრაინული მედიის ცნობით, ერდოღანმა პუტინს მოუწოდა, გააგრძელოს მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობა.

29 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში მონაწილეობას აჩერებს. მოსკოვი ამ ნაბიჯის გამართლებას სევასტოპოლში, დრონების თავდასხმით ცდილობს, რაშიც უკრაინას და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს. კიევს არ დაუდასტურებია თავდასხმაში მონაწილეობა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გამოვიდა, უკრაინის პორტები მარცვლეულით დატვირთულმა 15-მა ხომალდმა დატოვა.

დასავლეთი პუტინს შიმშილის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს.

პირველ ნოემბერს, უკრაინა, თურქეთი და გაერო შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის დერეფნით, გემების გადაადგილება 2 ნოემბრისთვის არ დაგეგმონ.