აშშ და საუდის არაბეთი შიშობენ, რომ ირანი შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გეგმავდეს - CNN

შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა ერთმანეთს გაუზიარეს დაზვერვის ცნობები იმის შესახებ, რომ ირანი შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით საუდის არაბეთში, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გარდაუვალ თავდასხმას გეგმავდეს, ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა.

კიდევ ერთმა წყარომ ამერიკულ მედიასთან აღნიშნა, რომ აშშ-ის F-22 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები საუდის არაბეთში უკვე მზად არიან ნებისმიერი საფრთხის დასაძლევად.

 

CNN-ს წყარო იმასაც ეუბნება, რომ რეგიონში აშშ-ის სამხედრო დაცვის დონე არ გაზრდილა, რადგან აშშ-ის სამხედროები სამიზნედ არ არიან მიჩნეულნი.

თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე გამოთქვა შეშფოთება არსებულ სურათთან მიმართებით და მიუთითა, რომ აშშ მუდმივ კონტაქტზეა საუდის არაბეთთან, სამხედრო, დიპლომატიური თუ სადაზვერვო არხებით.

„ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ინტერესებისა და ჩვენი პარტნიორების დასაცავად რეგიონში“, - განაცხადა პრაისმა.

CNN-ის წყაროები ასევე აცხადებენ, რომ აშშ-ის შეფასებით, ირანი შესაძლოა, ცდილობდეს ყურადღების გადატანას საუდის არაბეთზე, რომელსაც თეირანი საპროტესტო გამოსვლების გააქტიურებაში ადანაშაულებს.