"ვინც სომხეთს უჭერს მხარს, პასუხს აგებენ კაცობრიობის წინაშე"

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ყველა, ვინც სომხეთს უჭერს მხარს, პასუხს აგებს კაცობრიობის წინაშე.

“ყველაფრის გადადება და თურქეთისთვის ცილისწამების მცდელობა სომხეთის მთავრობას ვერ გადაარჩენს. ვაფრთხილებ მათ, ვინც მხარს უჭერს ამ ბანდიტურ სახელმწიფოს, რომ ისინი პასუხს აგებენ კაცობრიობის სინდისის წინაშე. დაე, ალაჰი იყოს ჩვენი აზერბაიჯანელი ძმების მფარველი!" - აღნიშნა ერდოღანმა.

მისი თქმით, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები - შეერთებული შტატები, რუსეთი და საფრანგეთი თითქმის 30 წელია გულგრილად განიხილავენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს.

„მიუღებელია ის, რომ იმის ფონზე, რაც ხდება, მათ ცეცხლის შეწყვეტა სურთ. თუკი ვინმეს ეს სურს, მაშინ ოკუპანტებმა უნდა დატოვონ ეს მიწები. ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს სურთ დაბრუნდნენ თავიანთ მიწებზე. მე ეს განვიხილე პუტინთან და მაკრონთანაც. ისინი ყოველთვის ისხდნენ და საუბრობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ახლა შედეგის დროა,“- განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, რეგიონში მყარი მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიიდან სომხეთის გასვლაა.