ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს.

მელიას თქმით, ეს არის ანტისამართლებრივი და ანტიევროპული გადაწყვეტილება, რომელიც განზრახ აფერხებს საქართველოს ევროპულ გზაზე.

"სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, სინამდვილეში კი ოლიგარქის ნების აღსრულება, ევროპას ნათლად და მკაფიოდ ეუბნება, რომ არაფრად მიაჩნია მათი რეკომენდაციაც და ქართველების დიდი უმრავლესობის ნებაც, გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები.

საუბრობს ევროინტეგრაციაზე და პოლარიზაციის შემცირებაზე, სამოქალაქო თანხმობაზე. დიახ, სამოქალაქო თანხმობა და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება არის მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნება, თუმცა, მოსახლეობა არ არის პოლარიზებული, პირიქით, არის ერთიანი ევროპულ მისწრაფებებში, თუმცა, სამოქალაქო თანხმობა ვერ მოხდება პოლიტიკური ტყვეების არსებობის პირობებში, ისევე როგორც ევროინტეგრაცია ვერ შედგება თავისუფალი მედიის დატყვევების პირობებში და პარალელურად.

შესაბამისად, მოვუწოდებ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, თუ მისი სიტყვები არ არის ლიტონის, თუ მას ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის პროცესის რეალური განხორციელება, გადადგას ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი. გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას", - განაცხადა ნიკა მელიამ.


„მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა.

შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო.

საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.

ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.