„ტრანსკასპიური პროექტი დღეს დღის წესრიგიდან არ არის ამოღებული. ეს პროექტი გაზსადენის მშენებლობას აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით მოიცავს“, - განაცხადა თურქმენეთის ვიცე-პრემიერმა შაჰიმ აბდრახმანოვმა ADIPEC-ის კონფერენციაზე გამოსვლისას.
შაჰიმ აბდრახმანოვმა, ასევე აღნიშნა, რომ დღეს ევროპაში გაზის მიწოდების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია თურქმენეთისთვის.
მისივე თქმით, თურქმენეთი გაზსადენებით რუსეთს, ჩინეთსა და ირანს აწვდის გაზს.
„TAPI-ის რეალიზაცია აზიის ბაზრებზე ტვირთს შეამსუბუქებს, გამოთავისუფლებული ნაკადები, შესაძლოა ევროპულ ბაზარზე გავიდეს“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
ნავთობისა და გაზის 26-ე საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია ADIPEC 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით აბუ დაბიში (UAE) იმართება.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოაცხადა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტს, თუ თურქმენეთის ხელისუფლება მის განხორციელებას გადაწყვეტს. თუმცა, მშენებლობის ინიციატორი აზერბაიჯანი არ იქნება.