„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„გუშინ ვნახე აშშ-ის საელჩოს განცხადება, ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმეა. მე სხვა შეფასებას ამას ვერ მივცემ. ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო.
ჩვენ სხვანაირად ვუდგებით სასამართლოს დამოუკიდებლობას და სამართლის უზენაესობას“, - განაცხადა კობახიძემ.
სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.