ამერიკის ელჩის განცხადებით, ყველაფერი, რასაც პოლიტიზების, პოლიტიკური დევნის სახეც კი აქვს, ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც „მთავარი არხის“ დამფუძნებლის საქმეზე ჰკითხეს. ელჩს აშშ-ის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ლიდერის კომენტარზეც დაუსვეს შეკითხვა.
„თქვენ ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, ასევე, ევროკავშირის და საქართველოს სხვა მეგობრების განცხადება. ყველაფერი, რაც აშშ-მ ბოლო 30 წლის განმავლობაში გააკეთა საქართველოსთვის, მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდაჭერას, უსაფრთხო, დემოკრატიული მომავლისათვის.
ამ მომავლის მისაღწევად, მიუკერძოებელი სასამართლოს ცენტრალური ადგილი უკავია და ყველაფერი, რასაც პოლიტიზების, პოლიტიკური დევნის სახეც კი აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს.
საქართველოს ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, ქართველ ხალხს დაჰპირდა საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზაზე. ყველაფერი, რაც ხელს უშლის ან თუნდაც რისკის ქვეშ აყენებს ამას, ღრმად შემაშფოთებელია.
შეერთებულ შტატებში ჩვენ ვაფასებთ და ვიცავთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო არის ჩვენი დემოკრატიის საფუძველი. ეს არის ის, რასაც მოაქვს მედეგობა, სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.
იგივე გვინდა ქართველი ხალხისთვისაც, რომელმაც არაერთხელ დააფიქსირა, რომ სურს ძლიერი დემოკრატია, ევროატლანტიკური მომავალი და შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების განხორციელებისთვის, ეს არის ის, რასაც 30 წელია, ვაკეთებთ და ამის გაკეთებას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ მართლაც გვჯერა საქართველოს წარმატების და გვსურს, რომ ეს ქვეყანა ვიხილოთ სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა ქართულ მედიას.
შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.
ამერიკის საელჩოს განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერმა, სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირ ჩარევად შეაფასა.