ბექა ძამაშვილი მამალაძის საქმეზე: მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილი სასამართლომ საერთოდ არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს ამ ნაწილში ნული თეთრის გადახდა მოუწევს

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის განცხადებით, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს მიერ მთავრობისთვის დაკისრებულ კომპენსაციაზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

მისვე თქმით, გიორგი მამალაძის საქმეში ერთმანეთისგან ორი საკითხი უნდა გაიმიჯნოს.

„ერთი არის, როდესაც მომჩივანი ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და ეს ზიანი შეიძლება იყოს მატერიალური ან მორალური. კონკრეტულად ზიანის ნაწილში მომჩივანი ითხოვდა დაახლოებით 450 ათასი ლარით ოდენობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებას და 150 ათასი ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებას.

ამ ნაწილში სასამართლომ საერთოდ არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოს ამ ნაწილში ნული თეთრის გადახდა მოუწევს, ანუ საერთოდ არაფერს გადაიხდის.

და მეორე მხარე არის, როდესაც სტრასბურგში საქმის წარმოება უწევს ადამიანს, იქ აქვს მას გარკვეული ხარჯები. ეს არის იურიდიული მომსახურების ხარჯები თუ სხვა. სწორედ ამ ნაწილში, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 9400 ლარის ოდენობით აუნაზღაუროს ეს ხარჯები. არა ზიანის ნაწილში, არამედ ხარჯების.

ეს ხარჯები იქნება იგივე ადვოკატისთვის გადასახდელი თანხა და ა.შ. შესაბამისად, ყველასთვის რომ გასაგები იყოს, სასამართლომ ჩათვალა, რომ ის პროცედურული დარღვევები, ის მცირედი, არ ყოფილა ისეთი არსებითი ხასიათის, რომ რაიმე კომპენსაცია, ზიანის ანაზღაურების სახით, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მთავარი მოთხოვნა რაც იყო მომჩივნის, ის არ დაკმაყოფილდა. განაჩენის კანონიერება ეჭვქვეშ არ დამდგარა და შესაბამისად, ამიტომაც არ ჩათვალა სასამართლომ საჭიროდ, რომ მომჩივანს რაიმე განსაკუთრებული მორალური ზიანი მიადგა ამის გამო“-  განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.