შეერთებულ შტატებს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინულ ძალებს აქვთ საკმარისი ძალა და საშუალებები, რათა აღადგინონ კონტროლი მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიებზე, მათ შორის ქალაქ ხერსონში.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კითხვასთან დაკავშირებით, შეძლებენ თუ არა უკრაინელები დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონის ოლქის დანარჩენი ტერიტორიის დეოკუპაციას. რა თქმა უნდა, მჯერა იმის, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ.
რაც ყველაზე მთავარია, თავად უკრაინელებს სჯერათ, რომ ამას შეძლებენ…ჩვენ ვიცით, რომ აქამდე ისინი მეთოდურ და ძალიან ეფექტიან ძალისხმევებს მიმართავდნენ მათი სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად. ვფიქრობ, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ ზეწოლას, ვიდრე მდინარის მარჯვენა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე კონტროლს არ დაამყარებენ”, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.