ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს

ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლო და უკიდურესად საშიშია, - გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.

„პრეზიდენტი სი ძინპინი  და მე ვთანხმდებით: ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლო და უკიდურესად საშიშია. ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთი გადაკვეთს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ერთობლივად გავლებულ ხაზს“, – განაცხადა შოლცმა.

ამასთან, შოლცის თქმით, ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, ასევე ეკისრება მსოფლიოში მშვიდობაზე პასუხისმგებლობა.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა.

ოლაფ შოლცი უკვე შეხვდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს. 

Reuters-ის ცნობით, ოლაფ შოლცმა და სი ძინპინმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე იმსჯელეს.

გერმანიის კანცლერი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების პირველი ლიდერია, რომელიც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ჩინეთში ჩავიდა. შოლცი პეკინში გერმანულ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.