ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლო და უკიდურესად საშიშია, - გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს.
„პრეზიდენტი სი ძინპინი და მე ვთანხმდებით: ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლო და უკიდურესად საშიშია. ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთი გადაკვეთს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ერთობლივად გავლებულ ხაზს“, – განაცხადა შოლცმა.
ამასთან, შოლცის თქმით, ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, ასევე ეკისრება მსოფლიოში მშვიდობაზე პასუხისმგებლობა.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა.
ოლაფ შოლცი უკვე შეხვდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს.
Reuters-ის ცნობით, ოლაფ შოლცმა და სი ძინპინმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე იმსჯელეს.
გერმანიის კანცლერი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების პირველი ლიდერია, რომელიც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ჩინეთში ჩავიდა. შოლცი პეკინში გერმანულ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.