გერმანიის კანცლერი და ჩინეთის პრეზიდენტი პირობას დებენ, რომ გლობალური მშვიდობისთვის იმუშავებენ. ამის შესახებ Anadolu წერს. შოლცი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც პეკინს მას შემდეგ ეწვია, რაც სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამედ აირჩიეს. ჩინეთში ეს მისი პირველი ვიზიტია კანცლერის რანგში.
სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შოლცის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ორ მხარეს შორის ურთიერთგაგებასა და ნდობას და გააღრმავებს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, ასევე შესაძლებლობას მისცემს მხარეებს, ორმხრივი კავშირების გაძლიერება , დაგეგმონ.
„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აჩვენებს, რომ ვიდრე მხარეები ერთმანეთის პატივისცემის პრინციპებს იცავენ, ეძებენ საერთო ბაზისებს განსხვავებების მიუხედავად და განაგრძობენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას, ორმხრივი კავშირები მთლიანობაში სწორი მიმართულებით გაგრძელდება და სტაბილური პროგრესი მიიღწევა“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, Reuters-ის ცნობით, დისკუსიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა განაცხადა, რომ მან ტაივანის საკითხი წამოჭრა.
„აშშ-ს და სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენ ვემხრობით ერთი ჩინეთის პოლიტიკას. მაგრამ მე თანაბრად მკაფიოდ განვაცხადე, რომ ტაივანის სტატუს კვოს ნებისმიერი ცვლილება უნდა იყოს მშვიდობიანი ან ურთიერთშეთანხმებით“, - განაცხადა შოლცმა.
„ისტორიული ინფლაციისა და გერმანიაში მოსალოდნელი რეცესიის ფონზე, შოლცი შეეცდება, ხაზი გაუსვას ჩინეთთან თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას. მის ვიზიტს ევროკავშირისა და გერმანიის სამთავრობო კოალიციის შიგნით, ძირითადად მწვანეთა პარტიისა და ლიბერალების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა“, - წერს Reuters-ი.