აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი დღს, 4 ნოემბერს კიევში ჩავიდა, რითაც უკრაინასთან მიმართებით, აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა, ჯეიკ სალივანთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა.
„ჩვენ განვიხილეთ ძალიან ფართო სპექტრის საკითხები. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. მოხარული ვარ, რომ მივესალმები ბატონ სალივანს უკრაინაში. ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი სიგნალი იმისა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ და ჩვენი გამარჯვებისკენ მივდივართ“, - განაცხადა ერმაკმა.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს საშუალება ჰქონდა შეხვედროდა უკრაინელ სამხედროებს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალსა და სხვადასხვა სექტორის მეთაურებს, ასევე შედგა შეხვედრა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების საკითხზე - ეს ჩვენთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე შევეხეთ ჩვენი ტყვეების გაცვლის საკითხს", - განაცხადა ერმაკმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სალივანთან შეხვედრებზე ასევე განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაგრძელების საკითხი.