G7-ის ქვეყნები, უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და აღდგენაზე შეთანხმდნენ

G7-ის წევრებმა პრაქტიკულად შექმნეს ახალი კოორდინაციის მექანიზმი, „რამშტეინის“ მაგალითზე, მხოლოდ ენერგეტიკულ სექტორში.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიის ქალაქ მუნსტერში, G7-ის მინისტერიალის შედეგების შემდეგ განაცხადა. 

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუტურას მიზანმიმართულად ანადგურებს, G7-ის მინისტერიალის ფარგლებში შევთანხმდით, რომ შეგვიძლია ერთად დავეხმაროთ უკრაინას, რათა არ შეწყდეს საავადმყოფოების, სკოლებისა და გათბობის სისტემების ფუნქციონირება“, - განაცხადა ბლინკენმა. 

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში არ არის საუბარი მხოლოდ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, არამედ მისი მდგრადობის გაძლიერებაზე.

„ეს კი კოორდინირებული მოქმედებებით მიიღწევა“, - აღნიშნა ბლინკენმა. 

ამასთან, ბლინკენის განცხადებით, „G7-ის ქვეყნებმა რეალურად შექმნეს ცალკე მექანიზმი იმის დასადგენად, თუ რა სჭირდება უკრაინას და რისი შეთავაზება შეუძლია თითოეულ სახელმწიფოს“.