20 იანვარს, აშშ-ის დედაქალაქში ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება.
არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი დადებენ ფიცს, ხოლო საღამოს კორონავირუსის შეზღუდვებიდან გამომდინარე ტრადიციული მეჯლისის ნაცვლად სატელევიზიო ღონისძიება "Celeberating America" ჩატარდება.
ვინ იქნება ინაუგურაციაზე?
ყოფილ პრეზიდენტებთან ერთად ცერემონიას კონგრესმენებისა და უზენაესი სასამართლოს წევრების უმრავლესობა დაესწრება. ყოფილი პრეზიდენტები, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი, საკუთარ მეუღლეებთან ერთად იქნებიან ინაუგურაციაზე, თუმცა ცერემონიას ქვეყნის უხუცესი ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი არ დაესწრება და ახლად არჩეულ პრეზიდენტს დისტანციურად მიულოცავს.
როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი არ დაესწრება ცერემონიას, რაც იქნება პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში.
ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ცერემონიაზე იქნება.
როგორია ფიცის დადების განრიგი?
ზუსტი დრო უცნობია, თუმცა დიდი ალბათობით ცერემონია თბილისის დროით საღამოს რვა საათზე დაიწყება.
ამერიკის ჰიმნს მომღერალი ლედი გაგა შეასრულებს.
არჩეულ პრეზიდენტს ფიცს უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე ჯონ რობერტსი წაუკითხავს. აღსანიშავია, რომ ფიცის დასადებად ბაიდენის საგვარეულო კოლექციიდან აღებულ 127 წლის ბიბლიას გამოიყენებენ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის რა რეგულაციები იქნება გათვალისწინებული?
წლევანდელი ინაუგურაციისთვის ორგანიზატორები ეცდებიან, რომ მოწვეული სტუმრების რაოდენობა მაქსიმალურად შეამცირონ. როგორც წესი, კომიტეტი კონგრესის წევრებს 200 000 ბილეთს აძლევს, მაგრამ წელს თითოეული კანონმდებელი მხოლოდ ორ ბილეთს მიიღებს.
ინაუგურაციაზე უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად იქნება გამკაცრებული. ცერემონიალის და მონაწილეების დასაცავად ხელისუფლებამ 25,000 ეროვნული გვარდიელი დედაქალაქში უკვე გაგზავნა.