ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კუნძულის გარშემო 44 ჩინური თვითმფრინავი, ოთხი ხომალდი და ორი სამხედრო თვითმფრინავი დააფიქსირა.
მისივე განმარტებით, ჩინეთის საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებს ელექტრონული თვალთვალის ხელსაწყოები, საპატრულო თვითმფრინავები, გემები და სახმელეთო სარაკეტო სისტემები აკონტროლებდნენ.
ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს. თურქულ მედიასაშუალებას ჩინეთის პოზიცია და დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.
ჩინელი ხალხის გადასაწყვეტია ტაივანის საკითხის გადაჭრა და ჩინეთი არასოდეს იტყვის უარს ძალის გამოყენების უფლებაზე, თუმცა იბრძოლებს მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ, ამის შესახებ პრეზიდენტმა სი ძინპინმა პარტიის შეხვედრაზე, 15 ოქტომბერს განაცხადა.
„ჩვენ ვიბრძვით მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივისკენ, უდიდესი გულწრფელობით და საუკეთესო ძალისხმევით, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ უარს ვიტყვით ძალის გამოყენებაზე და ვიტოვებთ შესაძლებლობას, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა“, - განაცხადა სი ძინპინმა მმართველი კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.
პეკინსა და ტაიბეის შორის დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა აგვისტოში მას შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა.
ტაივანმა, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, განაცხადა, რომ თავის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, უკან არ დაიხევს.
ვინ ცნობს ტაივანს
ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი.
ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ.
გაეცანით Europetime-ის სტატიას