- ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები გამოიკვეთა
- ეს არის გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი
- ერთი პოლუსი არის ამერიკა, მეორე პოლუსი დიდი ალბათობით, პეკინი
- რუსეთი, როგორც ძალის დამოუკიდებელი ცენტრი, ვეღარ შეძლებს პოზიციონირებას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ტაივანში საკამათო ვიზიტი პრეზიდენტ ცაი ინ-ვენთან შეხვედრის შემდეგ დაასრულა. ვიზიტის დასასრულს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა განაცხადა:
„ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შეუძლიათ ამერიკასა და ტაივანს ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, უსაფრთხოების პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება და ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვა“.
ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა.
პელოსის ვიზიტს პეკინის მხრიდან არაერთი გაფრთხილება და მძიმე შედეგების შესახებ მუქარა უძღოდა წინ. ბოლო ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთმა გადადგა, ელჩის გამოძახება და ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერებაა.
- ნენსი პელოსიმ ტაივანის პარლამენტს მიმართა და ვიზიტის სამი მიზანი დაასახელა
- ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის ფონზე, პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს
რა გავლენა ექნება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ურთიერთობებზე, ასევე, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაზე, ეს თემა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან განიხილა.
ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტი არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთგვარი გამოძახილი, რადგან ნებისმიერი სტრატეგი კარგად ხედავს, თუ როგორ რეაგირებს ჩინეთი მოსკოვის შეჭრაზე. ამერიკელი დიპლომატი შეერთებული შტატების პოლიტიკის ცვლილებას არ ელის.
„არ მგონია, რომ ამ ფაქტმა რაიმე გავლენა მოახდინოს აშშ-ის პოლიტიკაზე, მაგრამ ვფიქრობ, გონივრული რჩევა იქნებოდა პელოსისთვის... მე, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა, დემოკრატიის ძლიერი მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ვიზიტის დრო... როგორც ვთქვით, უკრაინის ომს ჩინეთი თვალს ადევნებს...
ეს არის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც მხოლოდ გაამძაფრებს, ისედაც რთულ აშშ-ჩინეთის ურთიერთობებს, რაც რა თქმა უნდა, საერთოდ არ არის სასარგებლო. ჩემთვის ეს არ არის გონივრული დიპლომატია, თუმცა ის არის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ის დამოუკიდებელია, წარმოადგენს აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელ ინსტიტუტს. მას ჰქონდა ტაივანში ჩასვლის უფლება“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ და აქვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ნენსი პელოსი ამ თანამდებობაზე უკვე ნოემბრის არჩევნების შემდეგ აღარ იქნება.
„ნენსი პელოსიმ იცის, რომ ის ნოემბრის არჩევნების შემდეგ, ამ თანამდებობაზე აღარ იქნება. ეს იყო მისი ბოლო მოგზაურობა, როგორც ეროვნული ლიდერის. მან ასე გადაწყვიტა. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - ის წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტიტუტს, კონგრესის წევრები აკეთებენ იმას, რაც მათ სურთ და არ აქცევენ ყურადღებას, რა სურს ბაიდენის ადმინისტრაციას და ასე შემდეგ. კონგრესი დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და ის ამ ინსტიტუტის ლიდერია“, - აღნიშნავს ამერიკელი დიპლომატი.
თეთრი სახლის პოზიცია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს 21 ივლისს, შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა: სამხედროები ამბობენ, რომ პელოსის ტაივანში მოგზაურობა "არ არის კარგი იდეა".
2 აგვსიტოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ გამორიცხა რაიმე მიზეზის არსებობა, რომ პელოსის ვიზიტი შეიძლება, კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. კირბის შეფასებით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არ არღვევს.
აშშ-ს ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ კუნძულის ტერიტორია შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად ითვლება. ეს კავშირი ასევე მოიცავს ტაივანისთვის ამერიკული წარმოების იარაღის მიყიდვას. შეიცვლება თუ არა რამე ამ კავშირების სტატუსში? საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი, საგარეო საკითხებში ექსპერტი, გიორგი გობრონიძე მიიჩნევს, რომ ურთიერთობების კიდევ უფრო ინტესიფიკაციას ჩინეთის საპასუხო რეაქცია მოჰყვება. აქვე აღნიშნავს, რომ რთული სათქმელია, წავა თუ არა შეერთებული შტატები ვითარების კიდევ უფრო გამწვავებაზე.
„საინტერესოა, რამდენად უღირს და რამდენად გაამწვავებს შეერთებულ შტატები ურთიერთობას მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ევროპაში უსაფრთხოების კრიზისები ჯერ კიდევ მოუგრავებელია და შესაბამისად, ეს დაძაბულობა შესაძლოა, აისახოს უშაალოდ ჩინურ-ევროპულ ურთიერთობებსა და კომუნიკაციის ხარისხზეც.
რუსეთ-უკრაინის ომმა აჩვენა მსოფლიოს, რომ იცვლება არსებული უსაფრთხოების ბალანსი; არსებული წესრიგი - პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - რუსეთი, როგორც ძალის დამოუკიდებელი ცენტრი, ვეღარ შეძლებს პოზიციონირებას. აქედან გამომდინარე, რუსეთმა აჩვენა, რომ არ შეუძლია, იყოს ზესახელმწიფოობაზე პრეტენზიის მქონე ძალა იმ პირობებშიც კი, მთლიანად რომ დაიპყროს უკრაინის ტერიტორია. არც ისეთი ძლიერი აღმოჩნდა, როგორც ამის შესახებ იყო ილუზია და წარმოდგენები.
ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთმა ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ ამოცანას, რაც ჰქონდა დასახული უკრაინასთან მიმართებით და რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის სახელმწიფოებრიობის მოსპობას. რუსეთი გაიჭედა კრიზისში, რომელიც კიდევ გაგრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მისგან აღდგენა კი, ძალიან რთული იქნება.
ასე რომ, რუსეთი დამოუკიდებელი ძალის ცენტრის როლს აღარ თამაშობს, რჩება ორი ძალის მთავარი ცენტრი - ჩინეთი და აშშ. ლოგიკურია, რომ მსოფლიო შედის ახალი ცივი ომის ფაზაში, სადაც ორი ახალი ცენტრი უპირისპიდება ერთმანეთს. თითქოს, ისტორია მეორდება, ერთ მხარეს, ჩინეთი ისევ კომუნისტური პარტიით დგას სათავეში, მაშინ, საბჭოთა კავშირი იდგა. აქეთ კი, დარჩა ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისად, ეს არის გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი“, - მიიჩნევს ექსპერტი.
საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი თვლის, რომ აშშ-მ ნენსი პელოსის ვიზიტით მკვეთრი ნაბიჯი გადადგა.
„რა თქმა უნდა, ჩინეთი ამ ნაბიჯსაც არ დატოვებს შესაბამისი რეაქციის და მოქმედებების გარეშე, რადგან მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მკვეთრი განცხადებების მერე დაინახოს მსოფლიო თანამეგობრობამ, ჩინეთი თავის პოზიციებს არ თმობს.
ქალბატონი პელოსი თავისი მოქმედებებითა და ნაბიჯებით წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებს. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ აშშ-ის ოფიციალური პოზიცია არის სხვა და ინსტიტუციის პოზიცია - სხვა (გასაგებია, რომ ქართულ პოლიტიკაში მსგავს რაღაცაც მიჩვეული ვართ, მაგრამ რეალურად, იქ ასე არ ხდება). შესაბამისად, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს იყო საკმაოდ მკვეთრი ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რითაც მან ხაზი გაუსვა საკუთარ დომინანტ პოზიციას აზია-წყარნი ოკეანის აუზში და საბოლოო ჯამში, ეს იყო საკმაოდ მკაცრი პასუხი ჩინეთის მუქარაზე.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებში ისეთი ტიპის ქვეყნებთან, როგორიცაა, ამერიკის შეერთებული შტატები, დაშინების და მუქარის პოზიცია არ მუშაობს. მაგალითად, დახურული კონსულტაციების დონეზე რომ ყოფილიყო კომუნიკაცია, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეეკავებინა თავი, თუმცა ჩინეთმა ამერიკას ღია გამოწვევა გაუგზვნა. კერძოდ, თუ პელოსი ჩავიდოდა ტაივანში, ეს ყველაფერი დაემსგავსებოდა ცეცხლთან თამაშს და რომ შეერთებული შტატები შეეხო ჩინეთის სუვერენიტეტს.
საბოლოო ჯამში, ეს იყო გამოწვევა, რომელზეც უარს ვეღარ იტყოდა შეერთებული შტატები. მისი არჩასვლა ნიშნავდა, რომ ჩინეთის მუქარა არ მუშაობს და ამერიკას არ ეშინია მისი მუქარის. ამრიგად, ნენსი პელოსი ჩავიდა და გამოიკვეთა ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები, სადაც იქნება ბიპოლარული წესრიგი, როდესაც ერთი პოლუსი არის ამერიკა, მეორე პოლუსი დიდი ალბათობით, პეკინი იქნება“, - თვლის გიორგი გობრონიძე.
ვინ ცნობს ტაივანს
ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი.
ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ.
სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების ვიზიტები ისტორიაში
1997 წელს ჩინეთის ლიდერთან შესახვედრად მოგზაურობის შემდეგ, „რესპუბლიკელი“ სპიკერი ნიუტ გინგრიჩიც ეწვია ტაივანს. ეს ვიზიტი მაშინ შედგა, როდესაც ჩინეთი ჰონგ კონგის კონტროლისთვის ემზადებოდა, მას ჩინეთის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე პელოსის მოგზაურობას. აპრილში, აშშ-ის ექვსი წამყვანი დეპუტატი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ტაივანში. მრავალპარტიულ დელეგაციაში შედიოდნენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი ბობ მენენდესი და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი.