ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან განახლებული ენერგიის მხარდამჭერ სქემასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდა, ასევე, სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან მიმართებით ხედვები შეჯერდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
„პროგრამის ფარგლებში, ჩვენ სტრუქტურულ რეფორმებზე მუშაობას განვაგრძობთ, რითაც გლობალური გამოწვევებისადმი მეტი ეკონომიკური მდგრადობა უზრუნველყოფილი იქნება. საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენ ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მუშაობას განვაგრძობთ და ამ მხრივ, ფონდთან არსებული პროგრამა დამატებითი გარანტიაა ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის, ასევე, სატრანზიტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური მდგრადობის გზაზე სსფ-ის მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ. ფონდთან თანამშრომლობის ნამდვილად ძალიან კარგი გამოცდილება გვაკავშირებს და მიმდინარე პროგრამის მიმართაც იგივე მოლოდინი გვაქვს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მან სსფ-ის მისიის ხელმძღვანელსა და მისიის წევრებს ნაყოფიერი მუშაობისა და მისიის დონეზე საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე მიღწეული შეთანხმებისთვის მადლობა გადაუხადა.