7-11 ნოემბერს პირველად კოვიდ-პანდემიის შემდეგ გერმანიის ეკონომიკური პროფილის დელეგაცია გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს ხელმძღვანელობით საქართველოს სტუმრობს.
ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.
გერმანელი ბიზნესმენები მრეწველობის, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროებიდან მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ბაზრის გამოკვლევის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ვიზიტში.
მრეწველობის ამ დარგებზე მოდის საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დიდი ნაწილი. ამავე დროს ეს სექტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მისწრაფებაში, რასაც გერმანია პოლიტიკურად და ეკონომიკურად უჭერს მხარს.
თბილისსა და კახეთში სტუმრობის დროს დელეგაციას ექნება შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
გარდა ამისა ორივე ქვეყნის ბიზნესმენებს შორის კავშირების დასამყარებლად ჩატარდება ეკონომიკური ფორუმი. ვიზიტის პროგრამაშია ასევე ქართველ ბიზნესმენებთან სტუმრობა და კონკრეტული პროექტების მონახულება.